რა დაირღვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა მიღების შეზღუდვით?

ბოლო რამდენიმე დღეა არ ცხრება ვნებათაღელვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შესახებ. დაიწერა არაერთი სტატია და არაერთმა ორგანიზაციამ თუ მოქალაქემ გამოხატა პროტესტი სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიულ ქმედებებზე. არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ სახელმწიფოს ძალადობას და გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ. ძნელია სიმართლის დადგენა სანამ არ გასაჯაროვდება ავტორიზაციის საბჭოს ოქმი და ექსპერტთა დასკვნა, თუმცა მანამდე ვარაუდების გამოთქმა შესაძლებელია, საქართველოში არსებული ნორმატიული აქტების წაკითხვისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზით.

თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება შეეზღუდა ფინანსური დავალიანების გამო, ეს არა მხოლოდ უსამართლობაა, არამედ შესაძლოა კანონდარღვევაც იყოს.

დავიწყოთ კანომდებლობით – გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება შეეზღუდა ფინანსური დავალიანების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს შემუშავებული ჰქონდათ დადებითი დასკვნა. ავტორიზაციის პროცედურა იმგვარად არის აწყობილი, რომ დაწესებულებისთვის ექსპერტთა დასკვნა საბჭოს სხდომამდე არის ცნობილი. დაწესებელებას აქვს შესაძლებლობა მითითებულ ხარვეზებთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და საბჭოზე წარადგინოს ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები ან არ დაეთანხმოს ხარვეზს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით.

თუ დასკვნაში ფინანსურ ნაწილთან დაკავშრებით არ იყო დარღვევა და საბჭომ მაინც ამ მიზეზით შეზღუდა სტუდენტების მიღება, მაშინ ეს საბჭოს მხრიდან კანონმდებლობის დარღვევაა. შესაბამისად, შავი ზღვის უნივერსიტეტმა აუცილებლად უნდა გაასაჩივროს გადაწყვეტილება და დაადასტუროს საკუთარი სიმართლე.

თუ დასკვნის ფინანსურ ნაწილში მითითებული იყო დარღვევა და უნივერსიტეტს ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია (და ნამდვილად ექნებოდა) და ამავე დროს ეხლა აცხადებს, რომ შეუძლია წარადგინოს ფინანსების ქონის მტკიცებულებები, მაშინ ჩნდება კითხვა – რატომ არ წარადგინა ეს მტკიცებულებები საბჭოზე? და თუ წარადგინა, რატომ არ გაითვალისწინა ეს საბჭომ? ამ საკითხს ნათელს მოჰფენს საბჭოს ოქმი და ექპერტთა დასკვნის გასაჯაროება. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტმა იცოდა დასკვნაში ფინანსური დარღვევის შესახებ და არაფერი იღონა, მაშინ ვერ დავადანაშაულებთ საბჭოს კანონმდებლობის დარღვევაში და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად არის მიღებული.

რაც შეეხება სამართლიანობას… საქართველოში (და ალბათ არამხოლოდ საქართველოში), არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც სესხი აქვს აღებული. ზოგს დაწესებულების შენობა აქვს იპოთეკით დატვირთული, ზოგს იჯარით აქვს ფართი აღებული და არავინ იცის ფართის მესაკუთრეს როდის დასჭირდება საკუთარი ფართი, ზოგი სამართლებრივ დავაშია სხვა ორგანიზაციასთან და ქონებას ყადაღა ადევს  და ყველა ეს საკითხი ცენტრისთვის ცნობილია.  ცენტრისთვის ასევე ცნობლია, რომ მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, ეს დაწესებულები არსებობენ, ვითარდებიან და იზრდებიან (ზოგიერთი საერთოდ ვერ ვითარდება და იხურება სტუდენტები და მოსწავლეები კი მობილობით გადადიან სხვა დაწესებულებაში). თუ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებას შევუზღუდავთ, ეს ბუნებრივია უარყოფითად აისახება მის ფინანსურ შემოსავალზე! მაშინ როგორ გვესახება მისი ფინანსური კრიზისიდან გამოყვანა? ეს იგივეა მშიერ ადამიანს ლუკმა წავართვათ და მაინც მისი დანაყრების იმედი გვქონდეს. სრული აბსურდია და ამას ხარისხის ცენტრშიც ხვდებიან. აქედან გამომდინარე და სხვა (ვალებში მყოფ) დაწესებულებებთან მიმართებაში, საბჭოს ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ არაეფექტურიც და არ ემსახურება ხარისხის განვითარებას.

რაც შეეხება გავრცელებულ აზრს, რომ მეზობელი სახელმწიფოს მაამებლად გაუუქმდა შავი ზღვის საერტაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაცია. ამ აზრს რა თქმა უნდა აქვს არსებობის უფლება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში გაუქმდა ამავე ქსელის ორი სკოლა, რომლებსაც საკმაოდ მაღალი შედეგები ჰქონდათ და წარმატებულ სკოლებად ითვლებოდა. ამ ვარაუდს ასევე აძლიერებს ემრე ჩაბუქის დაპატიმრებისა და ექტრადიციის საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩაღლარის ქსელის სკოლებთან და შავი ზღვის უნივერსიტეტთან. კიდევ უფრო ძლიერდება ეს აზრი, ავტორიზაციის სტანდარტში რამდენიმე თვის წინ შეტანილი ცვლილებით. სწორედ სტუდენტების მიღების შეზღუდვის შესახებ პუნქტი დაემატა ამ დებულებას 2018 წლის 27 მარტს. რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ადრევე გეგმავდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება დიდ სკანდალს გამოიწვევდა (ამის გამოცდილება ცენტრს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების დროს ჰქონდა). შესაბამისად საბჭოს გადაწყვეტილებებს ა) ავტორიზაციის შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; დაემატა – ე) სტუდენტა მიღების შეზღუდვის უფლება. ეს უკანასკნელი ისეთი უნივერსიტეტისთვის, რომელსაც დავალიანებას ედავები, ფინანსების შემოსავლის შეზღუდვას ნიშნავს და ფინანსურ კრიზისს უფრო გაზრდის. ამიტომ დიდად არ განსხვავდება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებისგან და დაწესებულების ნელ სიკვდილს ნიშნავს. ანუ, რამდენიმე წელიწადში, სკანდალის გარეშე ეს დაწესებულებაც გაქრება საგანმანათლებლო სივრციდან და მეზობელი ქვეყნის მოთხოვნაც ან „თხოვნა“ დაკმაყოფილებული იქნება.

ასეთი სცენარი რა თქმა უნდა დამამცირებელია სახელმწიფოსთვის. საკუთარი მოქალაქეების (სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები რომლებიც უნივერსიტეტში მუშაობენ) ინტერესების ხარჯზე „მეგობარი ქვეყნის“ ინტერესების გატარება მიუღებელია. შესაძლოა არსებობდეს რაიმე ისეთი მიზეზი, რაც „ჩვეულებრივმა მოკვდავებმა“ არ უნდა იცოდნენ და ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ეს ძნელად დასაჯერებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის წინ (3-4) ამ ქსელის სკოლებსაც და უნივერსიტეტსაც სახელმწიფოსგან საკმაო მხარდაჭერა ჰქონდა. ჩნდება კითხვა რა შეიცვალა ამ პერიოდში? შესაძლოა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება…

იმისათვის, რომ ასეთი ვარაუდები შემცირდეს, საჭიროა ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესები მაქსიმალურად ჩამოშორდეს სახელმწიფოს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოში მიმდინარე ცვლილებები (მითუმეტეს მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე ცვლილებები) ნაკლებად აისახება საგანმანათლებლო სისტემაზე. განათლება კი ხალხს ეკუთვნის და არა სახელმწიფოს. ხალხს შეუძლია თავად მართოს განათლების მიზნებიც და ხარისხიც. მანამდე კი დაველოდოთ საბჭოს ოქმისა და ექსპერტთა დასკვნის გასაჯაროებას და უფრო მეტ ფაქტებზე დაყრდნობით შევძლებთ მსჯელობას კანონმდებლობის შესრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ვერც ოქმი და ვერც ექსპერტთა დასკვნა ვერ გასცემს დანარჩენ ორ კითხვას პასუხს (სამართლიანობა და აპოლიტიკურობა). ეს საზოგადოების სამსჯელო იქნება და ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული განათლების განსახელმწიფოება და განათლების ხარისხის განვითარება.

 

დავით ლიპარტელიანი

დატოვეთ კომენტარი