რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის მონიტორინგი სწავლა–სწავლების ხარისხის ასამაღლებლად?

განათლების მაღალი ხარისხის მიღწევა და შენარჩუნება, მოსწავლეთა აღზრდის გამართული სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების უმთავრესი მიზანი და ამოცანაა. ამ საკითხს სკოლის თითოეულმა სტრუქტურულმა ერთეულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან იგი სკოლის წარმატებული მუშაობის მაჩვენებელი ერთ-ერთი არსებითი ინდიკატორია.

განათლების ხარისხი ორი უმთავრესი კომპონენტისაგან შედგება – სწავლების ხარისხისა და სწავლის ხარისხისაგან. ამათგან სწავლის ხარისხის შედეგი ძალიან თვალნათელია და აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაში, სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობაში, კონფერენციებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკასა და გრანტებში და სხვ.

სწავლების ხარისხი კი გულისხმობს სხვადასხვა სუბიექტის (სახელმწიფო, სკოლა, პედაგოგი) ქმედებებს მოსწავლეთათვის ცოდნის მისაცემად და პრაქტიკული ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. ამ სუბიექტის კვალიფიციური და კოორდინირებული მუშაობის გარეშე ხარისხის სასკოლო სისტემა ვერ შეიქმნება. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა აუცილებელი პირობებია საჭირო იმისათვის, რომ სწავლება ხარისხიანი იყოს? სწავლების ხარისხის უზრუნველმყოფელ კომპონენტებში იგულისხმება პედაგოგის მოტივაცია, მასწავლებლის ცოდნა, უნარები და გამოცდილება, პედაგოგის აკადემიური დატვირთვის ოპტიმალურობა, სასწავლო რესურსები და მათი გამოყენების ხარისხი, სწავლების მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური მრავალფეროვნება და ა. შ.


 

დატოვეთ კომენტარი