მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა

დღეს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. ის მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელია. ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს პრიზის სახით 10 ათასი ლარი გადაეცემა.

“მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის, მაგალითად გიორგი ლოსკანიანისთვის, ან მუჰამედ ჰაჯიევისთვის ვარ, ან ვიყავი საუკეთესო მასწავლებელი, იმიტომ რომ ჩემზე უკეთესი მასწავლებლები იმათ კლასებში შედიოდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც აქ, ასე არიან. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – თავისუფლების მარცვალი, რომელიც შეიძლება გაღვივდეს მოსწავლეებში გაკვეთილებზე, ყოველთვის ვცდილობდი გამეღვივებინა და ვეცდები მომავალშიც.

ჩვენს მოსწავლეებს, ჩემი აზრით, მასწავლებლებისგან სჭირდებათ სწორედ თავისუფლების მაგალითების ჩვენება. ჩვენ, მასწავლებლებსაც გვჭირდება ვაჩვენოთ ერთმანეთს ასეთი მაგალითები და ასევე, მინდა ვთქვა, რომ სისტემასაც ჭირდება. განათლების სისტემასაც სჭირდება, რომ დავუჭიროთ მხარი, რათა გახდეს უფრო მეტად თავისუფალი და მე გისურვებთ თქვენ, ბატონო მიხეილ, თავისუფლებას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავამკვიდროთ ერთი ტრადიცია, რომ გამარჯვებულს მინისტრი უსრულებდეს ერთ სურვილს და მე მინდა გთხოვოთ, რომ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში ერთი წლის შემდეგ ერთი პატარა სტადიონი გაგვიკეთოთ”– აღნიშნა გიორგი ჭაუჭიძემ დაჯილდოების ცერემონიალზე.

მინისტრი გამარჯვებულ მასწავლებელს სტადიონის გაკეთებას დაჰპირდა.

დატოვეთ კომენტარი